გრიგოლ ვაშაძე: “კრემლი ან ნებით შეეგუება იმას, რომ საქართველო ნატო-ში შესვლის უფლებას გამოიყენებს, ან ამის გაკეთება მოუწევს”

გრიგოლ ვაშაძესაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, “კრემლს ორი არჩევანი აქვს – ან უნდა მიეჩვიოს, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანების უფლებას გამოიყენებს, ან ამასთან შეგუება კბილების ღრჭიალით მოუწევს”.

ასე გამოეხმაურა მინისტრი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის მიერ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.

“საქართველოს სვლა ნატო-სკენ გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, რომ კრემლს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. რუსეთის ფედერაციას არა მხოლოდ საქართველოს მომავალი აუცილებელი გაწევრიანება ნატო-ში, არამედ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი, ტერიტორიულად მთლიანი და სუვერენული ქვეყნის არსებობა აღიზიანებს. ბატონ ლავროვს და პოლიტიკურ ელიტას კრემლში ორი არჩევანი აქვთ – ან მიეჩვიონ იმას, რომ საქართველოს უფლება აქვს, გაწევრიანდეს იქ, სადაც მის მოქალაქეებს სურთ და ის ამ უფლებას გამოიყენებს, ან ამის ყურება და უსიმოვნოდ, წუხილით (როგორც ეს თავად ლავროვმა თქვა), კბილების ღრჭიალით შეგუება მოუწევს”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, ბრიუსელში ნატო-ს ორდღიანი მინისტერიალი დასრულდა. მის ფარგლებში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაც გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა განცხადებები გააკეთეს. რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ასპირანტ ქვეყნად მოხსენიების ფაქტი რუსეთის შეშფოთებას იწვევს”.

“დღეს ჩვენი პარტნიორები ნატო-ში საქართველოს შიდა დოკუმენტებში ე.წ. “ასპირანტ ქვეყნად” მოიხსენიებენ, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მილიტარიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა, რომ სამხედრო მომარაგების სრულ აღდგენას მიაღწია, ასევე მიიღო დაპირება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ჩვენთვის ეს საგანგაშოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადებები რეალობის სააკაშვილისეული ინტერპრეტაციაა. როგორც აქ მესმის, მას უყვარს ინტერპრეტაციები და ამ ადამიანის მორიგი ავანტიურის გამო სამხრეთ კავკასიაში ვითარების მორიგი დესტაბილიზაცია არ გვსურს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლევან სულაშვილი

http://www.iveroni.com.ge

, , , , , , , , ,

  1. დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი