მაია მიმინოშვილმა “საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” დააარსა

მაია მიმინოშვილი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ცენტრის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად “საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” დააარსა.

ასოციაციის ძირითადი მიზანი კვლევების საფუძველზე საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ტენდენციების შესწავლა და განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავებაა.

“ეს ორგანიზაცია შექმნა გუნდმა, რომელიც 10 წელი განათლების სისტემაში მუშაობდა და რომელმაც საერთაშორისო აღიარება არაერთხელ მოიპოვა. ასევე, ამ გუნდმა განათლების კუთხით არაერთი კვლევა ჩაატარა, თუმცა აქამდე ეს კვლევები სათანადოდ არ იქნა გამოყენებული. ჩვენ კარგი საქმის გაკეთებას ვაპირებთ. დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ეს ასოციაცია წარმატებული იქნება”, – განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაცია განათლების სისტემაში იმუშავებს, იგი განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობასაც აპირებს.

ასოციაციაში 60 თანამშრომელია.

მიმინოშვილის განცხადებით, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია საკუთარ საქმიანობას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განახორციელებს.

“ჩვენ მოლაპარაკებები USAID-თან, ევრაზიასთან, სოროსის ფონდთან, ასევე ერთ-ერთ ჰოლანდიურ ორგანიზაციასთან გვქონდა, რომელიც ერთ-ერთი პირველი პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარება”, – აღნიშნა მიმინოშვილმა.

საჯარო რეესტრის სააგენტომ ასოციაცია მიმდინარე წლის 25 ივნისს დაარეგისტრირა.

 

pirweli.com.ge

,

  1. დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი